თეგი: მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი, რომლის ფარგლებში გამოყოფილი 109 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით მოხდება კახეთის რეგიონის დედაქალაქთან და ქვეყნის ავტომაგისტრალთა ქსელთან დაკავშირება. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. „ეს არის პროექტი, რომელიც დააჩქარებს კახეთის განვითარებას და გადამწყვეტი იქნება რეგიონის ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური განვითარებისთვის და დიდ გავლენას იქონიებს არა მარტო კახეთის, არამედ მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესზე“, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. ამასთან, მსოფლიო ბანკის ცნობით, კახეთი, როგორც მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და ღვინის წარმოებისა და ექსპორტის ცენტრი, რომელსაც ტურიზმისა და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ამ პროექტის განხორციელების შედეგად სარგებელს მიიღებს ტვირთების გაზრდილი მოძრაობით, ისევე როგორც შედარებით უფრო ხანმოკლე და უსაფრთხო მგზავრობით დედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა რეგიონებამდე. ასევე, მოსალოდნელია, რომ პროექტი წვლილს შეიტანს COVID-19 კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესში, განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში – სამშენებლო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნით და ადგილობრივი მეწარმეებისთვის შემოსავლის გაზრდით.

მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი უკრაინას აღდგენისთვის 4,8 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ცნობილი გახდა 21 აპრილს, ვაშინგტონში გამართული მრგვალი მაგიდის შემდეგ, რომელშიც უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება თვეში 7 მილიარდ დოლარამდე მხარდაჭერა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად საჭიროა 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე.  შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მსოფლიო ბანკი: 2022 წელს ენერგორესურსები 50%-ით, საკვები პროდუქტები 23%-ით გაძვირდება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ენერგორესურსებსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა 2024 წლამდე გაგრძელდება. ამის მიზეზია წარმოებასა და ვაჭრობაში შექმნილი შეფერხება, წერს Bloomberg-ი. მოსალოდნელია, რომ ენერგორესურსებზე ფასები 2022 წელს 50% -ით გაიზრდება, რაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და მეტალებზე ფასი 20%-ით გაიზრდება 2022 წელს. „მთლიანად, ეს ყველაზე დიდი სასაქონლო შოკია, რომელიც ბოლოს 1970 წელს გამოვცადეთ“, - აცახდებს „მსოფლიო ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი ინდერმიტ გილი. ანგარიშის თანახმად, ომმა შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი ინფლაცია და სუფთა ენერგიაზე გადასვლის შეფერხება, რადგან ქვეყნები ეძებენ ალტერნატიულ სავაჭრო გზებს და ზრდიან საქონლის წარმოებას. ენერგეტიკული ფასების ზრდამ და შედეგად სასუქების გაძვირებამ, შეიძლება გამოიწვიოს საკვების დეფიციტი და შეანელოს სიღარიბის შემცირების პროგრესი. ასევე წაიკითხეთ  გუტიერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა 

ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთს ეწვევა

ჩინეთის ოფიციალური პირი, ლი ჟანშუ რუსეთში ვიზიტით ჩადის. ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის მეშვიდე ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Xinhua. ლი ჟანშუ ყველაზე მაღალი რანგის ჩინელი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეწვევა. ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ოთხშაბათიდან 17 სექტემბრის ჩათვლით, ოფიციალური ვიზიტებით ეწვევა რუსეთს, მონღოლეთს, ნეპალსა და სამხრეთ კორეას.  

ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში, 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა მსოფლიო ბანკის წევრი, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. „დღეს აღინიშნება 30 წლის იუბილე მას შემდეგ, რას საქართველო გახდა მსოფლიო ბანკის წევრი. ამ 30 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელდა ინვესტიცია 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, ასევე განხორციელებულია ასობით პროექტი, რომელიც დაეხმარა ჩვენს ქვეყანას წინსვლასა და განვითარებაში. მსოფლიო ბანკის პორტფელი მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების პროექტებს და სხვა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანს“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამასთან, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: საუკეთესო რეცეპტი მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად, რეფორმების განხორციელებაა

საუკეთესო რეცეპტი მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად, რეფორმების განხორციელებაა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ანა ბიერდემ განაცხადა. ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში, 3.9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა „ბოლო რამდენიმე წელი წარმოუდგენლად რთული იყო. გვქონდა 2020 წელი კოვიდთან ერთად. რა თქმა უნდა, რთული წელი იყო მსოფლიოსთვის და საქართველოსთვისაც. 2021 წელი აღმშენებლობის წელი იყო. საქართველომ წარმოუდგენლად კარგად მიაღწია ზრდას და წელსაც იყო სხვადასხვა ეტაპი. ვიცოდით, რომ 2022 შეიძლებოდა არ ყოფილიყო ისეთი ძლიერი, როგორც 2021, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ რეგიონში, რეალურად არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდის ტემპები, და ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვნახეთ ტურიზმის განახლება რეგიონში, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ვხედავთ ძლიერ საგარეო მოთხოვნებს ექსპორტზე, რაც ასევე კარგია და ჩვენ ასევე ვხედავთ რეფორმებზე მდგარი ფოკუსირების სარგებელს, რომელზეც მე ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო რეცეპტია მდგრადი ეკონომიკის ასაშენებლად რეფორმების განხორციელება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.  

უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციას დაახლოებით, 500-600 მილიარდი ევრო დასჭირდება

უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია დაახლოებით 500-600 მილიარდი ევრო დაჯდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბჟერდემ ავსტრიულ გაზეთ Die Presse-თან ინტერვიუში განაცხადა. „ადრე გამოვაქვეყნეთ რიცხვი, რომელიც ევროკომისიასთან და უკრაინის მთავრობასთან ერთად გამოვთვალეთ. რა თანხაა საჭირო უკრაინის აღსადგენად და მის ევროპულ სტანდარტებამდე მისასვლელად, მაგალითად ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით? ივნისის დასაწყისისთვის ეს იყო დაახლოებით, 350 მილიარდი ევრო“, - განაცხადა ბიერდემ. მისივე განმარტებით, ახლა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 500-600 მილიარდ ევროს მიაღწია. მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინის აღდგენისთვის „მარშალის გეგმის“ მსგავსი დიდი საგზაო რუკაა საჭირო. მანამდე, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქცია იქნება „21-ე საუკუნის მარშალის გეგმა“ და უფრო სტაბილური და ძლიერი ქვეყნის აშენების შესაძლებლობა.

მსოფლიო ბანკმა უკრაინის მხარდაჭერისთვის, მრავალდონორიანი ფონდი შექმნა

მსოფლიო ბანკმა მრავალდონორიანი სატრასტო ფონდი შექმნა, რათა უკრაინის მთავრობას მხარი დაუჭიროს. „უკრაინის დახმარების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმების სატრასტო ფონდი (URTF), რომელსაც მართავს მსოფლიო ბანკი, უზრუნველყოფს კოორდინირებულ დაფინანსებას და მხარდაჭერის მექანიზმს, რათა დაეხმაროს უკრაინის მთავრობას შეინარჩუნოს ადმინისტრაციული და მომსახურების მიწოდების შესაძლებლობები, განახორციელოს დახმარების ღონისძიებები და დაგეგმოს და განახორციელოს რეკონსტრუქციისა და რეფორმების დღის წესრიგი“, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის განცხადებაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის შედეგად საქართველო სარგებელს მიიღებს

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდის დადებით პერსპექტივად, ფულადი ნაკადების შემოდინებასა და სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციას განიხილავს. ნათქვამია ანგარიშში, რომელიც მსოფლიო ბანკმა დღეს გამოაქვეყნა.  „საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე მოსალოდნელი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. COVID-19 პანდემიის შემდეგ ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენამ ტურიზმის განახლებასთან ერთად და რუსეთიდან ფულადი გზავნილების მატებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკურ ზრდას, რაც 2022 წლის ბოლო შეფასებით, 10 პროცენტს შეადგენს, ხოლო 2023 წელს საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება 4 პროცენტამდე და ძირითადად ასახავს 2022 წლის მაღალი ზრდით გამოწვეულ საბაზისო ეფექტს, ისევე როგორც ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შემცირებას (მაგ. ევროკავშირის ქვეყნებში) და ფულადი სახსრების შემოდინების კლებას. საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ზრდის სტაბილიზაცია პოტენციური 5 პროცენტის ფარგლებში. ინფლაციის წნეხი 2022 წლის მეორე ნახევარში შემსუბუქდა მაღალ დონეზე შენარჩუნების მიუხედავად (დეკემბერში წლიური 9.8 პროცენტის დონეზე). მოსალოდნელია ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად. ამ პერსპექტივის მიხედვით არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. უარყოფით პერსპექტივად შეიძლება განხილული იყოს  ის, რომ მუდმივმა ინფლაციამ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად შესაძლოა, გავლენა იქონიოს ლარზე და პოტენციურად მაკროსაფინანსო სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების გამო. საქართველოში ტურიზმზე და ფულად გზავნილებზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა  იქონიოს რუსეთში 2023 წელს მოსალოდნელმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ვარდნამ გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად. დადებით პერსპექტივად კი შეიძლება განხილულ იქნეს ფულადი ნაკადების შემოდინება მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საქართველოს მიერ სარგებლის მიღება სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის პარალელურად ვაჭრობის ახალი ორიენტირების შექმნის შედეგად“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.   

მსოფლიო ბანკი, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელებას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკის (WB) ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელებაა მოსალოდნელი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მიზეზებს შორის 2022 წლის მაღალი ზრდით გამოწვეული საბაზისო ეფექტს, ასევე პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შემცირება (მაგ. ევროკავშირის ქვეყნებში) და ფულადი სახსრების შემოდინების კლებას ასახელებს. „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების“ შესახებ ანგარიშის მიხედვით, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ზრდის სტაბილიზაცია პოტენციური 5%-ის ფარგლებში. რაც შეეხება გასული წლის მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე მოსალოდნელი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ეკონომიკის 10%-იან ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო COVID-19 პანდემიის შემდეგ ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენამ, ტურიზმის განახლებასთან ერთად და რუსეთიდან ფულადი გზავნილების მატებამ. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოსალოდნელია ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად.  „ამ პერსპექტივის მიხედვით არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. უარყოფით პერსპექტივად შეიძლება განხილული იყოს ის, რომ მუდმივმა ინფლაციამ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად შესაძლოა გავლენა იქონიოს ლარზე და პოტენციურად მაკროსაფინანსო სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების გამო",- აღნიშნულია ანგარიშში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ტურიზმზე და ფულად გზავნილებზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსეთში 2023 წელს მოსალოდნელმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ვარდნამ გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად. დადებით პერსპექტივად კი შეიძლება განხილული იყოს ფულადი ნაკადების შემოდინება მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საქართველოს მიერ სარგებლის მიღება სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის პარალელურად ვაჭრობის ახალი ორიენტირების შექმნის შედეგად.  შეგახსენებთ, 2023 წელს მთავრობის ოფიციალური პროგნოზით ეკონომიკური ზრდა + 5.0%-ია; საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით + 4.0%; საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF): + 4.0%, მსოფლიო ბანკის (WB): + 4.0%; აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით + 6.0%;   

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს გლობალური ეკონომიკა 1.7%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის უახლესი პროგნოზით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 1.7%, ხოლო 2024 წელს 2.7% იქნება. მანამდე მსოფლიო ბანკი 2023 წელს გლობალური ეკონომიკის 3%-იან ზრდას ვარაუდობდა. მსოფლიო ბანკი, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელებას პროგნოზირებს ამასთან, ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის მკვეთრი დაღმასვლა, სავარაუდოდ, ფართოდ გავრცელდება და მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების 95%-სა და განვითარებადი ქვეყნებისა და ბაზრების დაახლოებით 70%-ს მოიცავს. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ახალი უარყოფითი მოვლენა, კერზოდ, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, მის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, პანდემიის ახალი ტალღა ან გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკის რეცესიას განაპირობებდეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა გასული 80 წლის განმავლობაში, როდესაც ერთი ათწლეულის განმავლობაში ორი გლობალური ეკონომიკური ვარდნა აღინიშნება. განვითარებად ქვეყნებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, სავარაუდოდ, საშუალოდ 2.8% იქნება, რაც ერთი სრული პროცენტული ერთეულით ნაკლებია 2010-2019 წლების საშუალო მაჩვენებელზე. საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში, სადაც მსოფლიოს უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის დაახლოებით 60% ცხოვრობს, მოსალოდნელია, რომ 2023-2024 წლებში შემოსავლის ზრდა ერთ სულზე საშუალოდ მხოლოდ 1.2% იყოს, რამაც შესაძლოა სიღარიბის მაჩვენებლების ზრდა გამოიწიოს. განვითარებულ ქვეყნებში, პროგნოზის თანახმად, ეკონომიკური ზრდა 2022 წლის 2.5%-იანი მაჩვენებლიდან 2023 წელს 0.5%-მდე შემცირდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლის 0.5%-მდე ვარდნა, რაც 1.9 პროცენტული ერთეულით ნაკლებია წინა პროგნოზებთან შედარებით და 1970 წლის შემდეგ ეფექტიანობის უდაბლესი მაჩვენებელია, ოფიციალური რეცესიების მიღმა. 2023 წელს ევროზონაში მოსალოდნელია ნულოვანი ეკონომიკური ზრდა, რაც 1.9 პროცენტული ერთეულით დაღმავალი კორექტირების შედეგი იქნება. 2023 წელს ჩინეთში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია 4.3%-ის დონეზე, რაც 0.9 პროცენტული ერთეულით ნაკლებია წინა პროგნოზებზე. ანგარიშის მიხედვით, განვითარებად ბაზრებსა და ქვეყნებში, ჩინეთის გამოკლებით, ზრდა 2023 წელს, სავარაუდოდ, 2022 წლის 3.8%-იანი მაჩვენებლიდან 2.7%-მდე შემცირდება, რაც მნიშვნელოვნად სუსტ გარე მოთხოვნას ასახავს. მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ აღნიშნული გამოწვეულია მაღალი ინფლაციით, ვალუტის გაუფასურებით, დაფინანსების მკაცრი პირობებით და განვითარების შემაფერხებელი სხვა ადგილობრივი ფაქტორებით. 2024 წლის ბოლოსთვის განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი პანდემიამდე მოსალოდნელ დონეზე დაახლოებით 6%-ით ნაკლები იქნება. გლობალური ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მოლოდინის მიუხედავად, ის პანდემიამდელ დონეზე მაღლა შენარჩუნდება. უფრო დეტალურად, რეგიონული პერსპექტივები შემდეგია: აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები:  2023 წელს რეგიონში ზრდა სავარაუდოდ  4.3%-მდე შემცირდება, ხოლო 2024 წელს 4.9%-მდე მოიმატებს; ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები: რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს 0.1%-მდე შემცირდება, ხოლო 2024 წელს 2.8%-ით მოიმატებს; ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: 2023 წელს მოსალოდნელია რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება 1.3%-მდე, ხოლო 2024 წელს მატება 2.4%-მდე; ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდა რეგიონში შენელდება 3.5%-მდე 2023 წელს და 2.7%-მდე 2024 წელს; სამხრეთი აზიის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდა რეგიონში 2023 წელს სავარაუდოდ  შენელდება 5.5%-მდე და 2024 წლისთვის 5.8%-მდე მოიმატებს; საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები: 2023 წელს მოსალოდნელია რეგიონში ეკონომიკური ზრდის შენელება 3.6%-მდე, ხოლო 2024 წელს მატება 3.9%-მდე.  

შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასაფინანსებლად, მსოფლიო ბანკი $75 მილიონს გამოყოფს - ფინანსათა მინისტრი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკს „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით, $75 მილიონის დაფინანსების მოზიდვისთვის მიმართავს. ბანკთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, როგორც თანხის ოდენობაზე ასევე კონკრეტულ მიმართულებებზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შესახებ გამართულ ბრიფნგზე განაცხადა.  აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით მინისტრმა ასევე ისაუბრა, რა მიმართულებით დაიხარჯება მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფული.  „$75 მლიონის დაფინანსება სამი მიმართულებით დაიხარჯება. დაფინანსება მოიცავს შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკურ შესწავლას, რომელზეც დაახლოებით $20 მილიონი დაიხარჯება. ასევე თანხა გამოიყოფა სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. პროექტის საკონსულტაციო მიმართულებაზე 5 მილიონი ევრო გამოიყოფა. ეს მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის, რომელშიც პირველი ინვესტიცია უკვე განხორციელებულია“, - აღნიშნა ხუციშვილმა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს მისივე თქით, ამ პროექტში საქართველოს პარტნიორები მაშინ ჩაერთვებიან, როცა მზად ინება ტექნიკური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი. „ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება“, - აღნიშნა ხუციშვილმა.   ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.  

საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარებისთვის მსოფლიო ბანკთან შეთანხმებები გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა, ხელი მოაწერეს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმებებს, რომელთა მიზანია საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაციის ფარგლებში, ქვეყნისთვის გამოყოფილი იქნება 46.2 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. პროგრამა მოიცავს კლიმატის ცვლილების კუთხით ვალდებულებებს (ტყის მდგრადი მართვა, სამრეწველო ემისიების მართვა, განახლებადი ენერგიების წარმოება), პირობითი ვალდებულებებისა და ფისკალური რისკების შერბილებას (სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის პროცედურები და მმართველობის ფორმები), მიწაზე, წყალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას (ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, გადახდის სისტემები და გადახდის სერვისები). საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი ითვალისწინებს 69,3 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას. პროექტის ძირითადი მიზანია: კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება; ეროვნული ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატისადმი მდგრადი დაგეგმვისთვის; პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, მიწისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მსოფლიო ბანკი უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად $200 მილიონს გამოუყოფს

უკრაინა მსოფლიო ბანკისგან 200 მილიონი დოლარის გრანტს მიიღებს. თანხები ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. ამის შესახებ RBC-Ukraine პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ტელეგრამ არხზე დაყრდნობით იუწყება. „დღეს მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა 200 მილიონი დოლარის გრანტის შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, პროექტის მასშტაბების გაფართოებასთან ერთად გათვალისწინებულია პარტნიორებისგან დამატებითი დაფინანსების მიღება 300 მილიონ დოლარამდე ოდენობით გრანტებისა და სხვა სახის შენატანების სახით. „უკრაინის აღდგენა წელს იწყება და ენერგეტიკა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მსოფლიო ბანკიდან შემოსული თანხები მოხმარდება ელექტროქსელისა და სითბოს მიწოდების სისტემების აღდგენას კიევში, ხარკოვში, ნიკოლაევში, სუმიში და ჩერნიგოვის რეგიონის ქალაქებში“, - წერს შმიგალი.  

მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის 1,75 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოყოფს

მსოფლიო ბანკის ჯგუფმა უკრაინისთვის 1,75 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი დაფინანსების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. დაფინანსება მოიცავს 500 მილიონი აშშ დოლარის კრედიტს მსოფლიო ბანკისგან, რომელიც გარანტირებულია გაერთიანებული სამეფოს მიერ, 1,25 მილიარდი აშშ დოლარის გრანტს  შეერთებული შტატებიდან და 15 მილიონი აშშ დოლარის გრანტს ფინეთის მთავრობისგან. აპრილში მსოფლიო ბანკმა ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინას 200 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. უკრაინა აღდგენისთვის დასავლეთისგან თითქმის $7 მილიარდს მიიღებს  

სებასტიან მოლინეუსი: აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობა საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს, ეს განსაკუთრებული პროექტია

მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი რეგიონში თავის ოთხწლიან მისიას ასრულებს. ივლისიდან ის ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში გააგრძელებს მუშაობას ინფრასტრუქტურის გლობალური ჯგუფის სტრატეგიისა და ოპერაციების დირექტორის პოზიციაზე.  გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში მოლინეუსი საუბრობს 2019 წლიდან დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე და „მადლობას უხდის ქვეყნის მოსახლეობას გულითადი მასპინძლობისთვის და პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“. „საქართველოში ყოფნის ბოლო ოთხი წლის მანძილზე ბევრი ვიდეო, ინტერვიუ და მედიაგამოსვლა ჩავწერე. თუმცა, დღევანდელი მიმართვა ალბათ ყველაზე რთულია. რატომ? იმიტომ, რომ თქვენთან დამშვიდობება მიწევს, უნდა გითხრათ ნახვამდის! ეს მართლაც სასიხარულო და ამავდროულად სევდიანი მომენტია როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის. სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩვენ შევძლებთ შინ, ვაშინგტონში დაბრუნებას, ჩვენს მეგობრებთან კვლავ შეხვედრას, და მე გავაგრძელებ მუშაობას მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან დღის წესრიგზე, რომლის მიზანია სატრანსპორტო სექტორის დეკარბონიზაციის, გლობალური ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობა, ასევე ვიმუშავებ ციფრული განვითარების საკითხებზე, რაც მეტად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის და ბანკისთვის შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად და წინსვლისთვის. ხოლო სევდიანია იმოტომ, რომ მე და ჩემი ოჯახი ვტოვებთ საქართველოს, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ჩვენთვის მართლაც ძვირფას ადგილად იქცა. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე მუშაობა აქ, საქართველოში გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, რეალურად მე ვარ ნაწილი საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამისა, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო, როცა ქვეყანამ გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა აირჩია და ეს პროცესი გრძელდებოდა 2000-იან და 2010-იან წლებში. ამ ათწლეულებში ჩაეყარა საფუძველი ინსტიტუტების მშენებლობას, მტკიცე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს, რომელმაც სტიმული მისცა ახლანდელ ეკონომიკურ ზრდას და შესაძლებელი გახადა მაშინდელი სიღარიბის განახევრება მიმდინარე ათწლეულში. ბოლო 4 წლის განმავლობაში პირადად მქონდა პატივი, მემუშავა უდიდეს გამოწვევებზე, როგორიც იყო COVID-19-ის პანდემია და მთავრობისთვის ჩვენ მიერ გაწეული მხარდაჭერა, ასევე, პარალელურად სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო კავშირების განვითარება საქართველოში. ციფრული განვითარების მიმართულებით აღსანიშნავია ჩვენი პროექტი Log-in Georgia, რომლის მიზანია 5,000 სოფლის დაკავშირება ინტერნეტთან. ასევე, თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი მოექცევა კავშირების განვითარების დღის წესრიგში სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ. აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობა და მისი გაფართოება შესაძლებელს გახდის საქართველოს დაკავშირებას ევროპასთან წყალქვეშა ენერგო და ციფრული კაბელის საშუალებით. ეს პროექტები, რომელთა განხორციელებასთან დაკავშირებით დახმარებას ვუწევთ მთავრობას, მართლაც განსაკუთრებულია ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამასთან ერთად, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად. კოლეგებო და მეგობრებო, მსურს, ჩემი უსაზღვრო მადლიერება გამოვხატო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომელთაც შესანიშნავი მასპინძლობა გამიწიეს და შვილივით მიმიღეს. დიდი მადლობა ჩვენს კლიენტებსა და სამთავრობო პარტნიორებს, რომელთაც ქვეყნის რეფორმირებისა და ევროპული მომავლისადმი მტკიცე ხედვა ჰქონდათ. ასევე, დიდი მადლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საელჩოებს, განვითარების მიმართულებით მომუშავე ჩვენს პარტნიორებს გასული ოთხი წლის განმავლობაში თანამშრომლობისთვის.  და ბოლოს, დიდი მადლობა როგორც კერძო სექტორს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც წარმოადგენდნენ ბევრი რეფორმის საყრდენს და თავიანთი ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდათ ჩვენი პროგრამების განხორციელებაში. დასასრულს, მსურს, ყველას გულითადი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და იმისთვის, რომ ოჯახის წევრებად მიგვიღეთ, და მოუთმენლად ველით საქართველოში დაბრუნებას, რათა კვლავ გავხდეთ ამ შესანიშნავი საზოგადოებისა და ოჯახის ნაწილი“. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე სებასტიან მოლინეუსს როლანდ პრაისი შეცვლის, რომელიც საქმიანობას ოფიციალურად პირველი სექტემბრიდან შეუდგება. როლანდ პრაისის შესახებ ამჟამად როლანდ პრაისი მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელია რუანდაში. პრაისი, რომელიც იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკის ჯგუფს 2006 წელს შეუერთდა, როგორც ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში. ის ბანკს წარმოადგენდა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, ისევე როგორც საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებსა და წყნარი ოკეანის აუზის კუნძულებზე. იგი ახდენდა სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ფინანსების, ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის მიმართულებით. მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე ის იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. პრაისი ფლობს ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო სამართალში; მას მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება მაიამის უნივერსიტეტში და აქვს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში.

როლანდ პრაისი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალი რეგიონული დირექტორია

დღეიდან სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თანამდებობას როლანდ პრაისი დაიკავებს. პრაისი თბილისის ოფისიდან უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის სტრატეგიების შემუშავებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, კერძოდ, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. ამასთან ერთად, სამივე ქვეყანაში განახორციელებს საკრედიტო პორტფელისა და საკონსულტაციო სერვისების მართვას, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან კოორდინაციას და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობას ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროცესში. „ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობის დაკავება და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას პარტნიორებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგიონში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, როგორც თანასწორობის, ისე მდგრადობის თვალსაზრისით. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ხალხის შემდგომ მხარდაჭერას სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, როლანდ პრაისს რუანდაში მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელის პოზიცია ეკავა. როლანდ პრაისმა, რომელიც იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკში საქმიანობა 2006 წელს დაიწყო როგორც იურიდიულ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა. ის მსოფლიო ბანკში სხვადასხვა ოპერაციულ თანამდებობაზე მუშაობდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორისაა ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები, აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები, აფრიკა და სამხრეთი აზია. ის ასევე მუშაობდა მსოფლიო ბანკის ენერგეტიკისა და მომპოვებელი მრეწველობის გლობალურ პრაქტიკაში ენერგეტიკის რეფორმაზე და რეგულირების საკითხებზე პრაისს ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა როგორც ოპერაციულ მენეჯერს ინდონეზიაში და როგორც მსოფლიო ბანკის ოფიციალურ წარმომადგენელს რუანდაში. ინდონეზიაში ის მართავდა სატრასტო ფონდის პორტფელს დაახლოებით 600 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პორტფელს, რომლის მოცულობამაც პიკურ ნიშნულს - 7.5 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. რუანდაში საქმიანობისას, მისი ზედამხედველობით 60%-ით გაიზარდა მსოფლიო ბანკის საკრედიტო პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეიქმნა კერძო სექტორის მტკიცე განვითარების რეფორმის პროგრამა და არსებითად გაიზარდა მსოფლიო ბანკის ჩართულობა კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის საკითხებში, რომელიც მოიცავს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რუანდაში. მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე პრაისი იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში და ასევე გახლდათ ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის შტატგარეშე ლექტორი. როლანდ პრაისი ფლობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო საჯარო სამართალში; მას მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება მაიამის უნივერსიტეტში და ფლობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი იყო. მან რეგიონში თავისი ოთხწლიანი მისია დაასრულა.  

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.9%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. მასში რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზია წარმოდგენილი. ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის მატების მიმართულებით დაკორექტირდა და 2023 წელს 5.9 პროცენტამდე გაიზარდა.  ამასთან, 2022 წელს საქართველო და სომხეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უკვე მეორედ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად დასახელდნენ.  ამგარიშის თანახმად, საქართველომ 2023 წლის მეორე კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით პროდუქციის გამოშვება 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე. 2023 წლის ბოლოს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, სავაჭრო პარტნიორებისა და უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვების შემცირების ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოსალოდნელია, საქართველოში ფულადი ნაკადების შემცირება, რასაც გაცვლით კურსზე ექნება გავლენა.  მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2024-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დასტაბილურება.   

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველოს მყარი საფუძვლები აქვს, მაგრამ სჭირდება რეფორმების გაძლიერება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად

მსოფლიო ბანკმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება გამოაქვეყნა. შესაბამის ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. ანგარიში სახელწოდებით „საქართველო: რეფორმების იმპულსის შესანარჩუნებლად“ წარმოგვიდგენს ყოვლისმომცველ ანალიზს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც საჭიროა სიღარიბის დაძლევისა და საერთო კეთილდღეობის ამაღლების მიმართულებით პროგრესის დასაჩქარებლად. სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება საქართველოსთვის მკაფიო პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ესენია: განათლების ხარისხის გაძლიერება, მიწით სარგებლობის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და შოკებისადმი მედეგობის ამაღლება. სხვა მნიშვნელოვანი სფეროებიდან აღსანიშნავია შრომითი რესურსების ჩართულობის ზრდა, დაფინანსებასთან წვდომის გაძლიერება, დიგიტალიზაცია, ინოვაცია, ენერგოეფექტურობაში ინვესტირება, განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერა და კანონებისა და რეგულაციების აღსრულების და პროგნოზირებადობის გაუმჯობესება. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის როლანდ პრაისის განცხადებით, მყარი საფუძვლების მიუხედავად, საქართველოს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად რეფორმების გაძლიერება სჭირდება. „საქართველოს მყარი საფუძვლები აქვს, მაგრამ სჭირდება რეფორმების გაძლიერება ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ისეთი გლობალური ტენდენციების ფონზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება თუ დიგიტალიზაცია და ასევე ავტომატიზაცია. სისტემატურ დიაგნოსტიკურ კვლევაში გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ყურადღების გამახვილება ქვეყანას დაეხმარება სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიაზე დარჩენაში და ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნაში,“ - განაცხადა როლანდ პრაისმა. ანგარიშის თანახმად, სწრაფად ცვალებად საგარეო პირობებში, საქართველომ მდგრადობა გამოავლინა, რაც მნიშვნელოვანწილად ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შედეგია. თუმცა, დიაგნოსტიკური კვლევა მიუთითებს, რომ სიღარიბის შემცირების პროცესი უკანასკნელ წლებში შენელდა და ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ფირმების დონეზე განხორციელებული მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ მთლიანი ფაქტორული პროდუქტიულობა ბიზნესის დონეზე უცვლელია ბოლო წლებში, რაც სავარაუდოდ აფერხებს დასაქმების შესაძლებლობებს. „საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების განხორციელებაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ბიზნესგარემოს ოპტიმიზაციისთვის და საჯარო ფინანსების გასაძლიერებლად. საქართველოს მთავრობა აპირებს შემდგომი რეფორმების განხორციელების გაგრძელებას ჩვენი ამბიციური მიზნების მისაღწევად კლიმატისა და ენერგეტიკის, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და მაღალი სტანდარტის მმართველობის მიმართულებით,“ - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ბუნებრივი კაპიტალის დეგრადაცია განიცადა, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის არარსებობით და არაეფექტიანი მიწათსარგებლობით. ასევე, საქართველო ჯერჯერობით ვერ ახერხებს ეკონომიკური ზრდის გამიჯვნას ნახშირბადის ემისიებისგან. კვლევა მომზადდა საქართველოს მთავრობის, ისევე როგორც კერძო სექტორის, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე. „წინა სისტემატურმა დიაგნოსტიკურმა კვლევამ სახელწოდებით „საქართველო: რეფორმატორიდან შემსრულებლამდე“, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, საფუძველი მოამზადა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან და ინკლუზიურობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესასწავლად. 2023 წლის სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება ამ საფუძველს ემყარება და ყურადღებას ამახვილებს ცვალებად მეგატენდენციებზე, რომლებიც მდგრადობაზე მეტ ფოკუსირებას მოითხოვს. ის მომზადდა ქვეყანასთან პარტნიორობის ჩარჩოს (CPF) შემუშავებამდე, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ წევრი ქვეყნების ჩართულობისთვის და მათი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად გამოიყენება. საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის განახლებული ჩარჩო 2024 წელს გამოქვეყნდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

„მსოფლიო ბანკის“ რეგიონული დირექტორი: საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს არამხოლოდ ვაჭრობის, არამედ, საქონლის წარმოების კერა

„დაკავშირებადობის შესახებ საუბარი ძალიან დროულია და კარგია, რომ საქართველომ იპოვა თავისი როლი. „დაკავშირებადობა“ აერთიანებს სხვადასხვა საკითხებს და ქვეყნებს“, - განაცხადა  „მსოფლიო ბანკის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულმა დირექტორმა, ჩარლზ ჯეი კორმიერმა, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის“ სადისკუსიო პანელში - “Meaningful Connectivity Enabler for Global Growth“ მონაწილეობდა. ჩარლზ ჯეი კორმიერის თქმით, დაკავშირებადობა არის ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს შეუძლია გამოიყენოს ეფექტური ვაჭრობისთვის. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს აქვს ენერგეტიკის დიდი პოტენციალი და შეუძლია განავითაროს ახალ ბაზრებზე გასვლა. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აკავშირებს სამხრეთ კავკასიას ევროპასთან საქართველოსა და რუმინეთის გავლით. „ამ ფორუმის კიდევ ერთი მთავარი დღის წესრიგია დიგიტალიზაცია, მას აქვს უზარმაზარი ტრანსფორმაციის პოტენციალი რეგიონისთვის და ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით, დიგიტალიზაციაზე წვდომა შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და განავითარებს ინოვაციებს. ამ დერეფნის განვითარება ნიშნავს წარმოების განვითარებას. ამრიგად, ქვეყანას აქვს პოტენციალი, გახდეს არა მხოლოდ ვაჭრობის, არამედ საქონლის წარმოების კერა. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან შავი ზღვის კაბელის პროექტზე, უნდა გავუწიოთ სრული ტექნიკური დახმარება და უზრუნველვყოთ, რომ პროექტს ჰქონდეს სათანადო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ზღვის ფსკერი მდგომარეობის სწორი შეფასება, დავრწმუნდეთ, რომ პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი იქნება ბაზარზე გასატანად,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმ დირექტორმა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით.  

მსოფლიო ბანკი უკრაინას 1,2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

უკრაინამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ახალი პროექტის დაწყების შესახებ, სახელწოდებით "ინვესტიცია სოციალურ დაცვაში ჩართულობის, მდგრადობისა და ეფექტურობისთვის (INSPIRE)", რომელიც ქვეყანაში სოციალური დახმარების 29 პროგრამას დააფინანსებს. ამის შესახებ უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. თანხები გადაეგზავნება სახელმწიფო ბიუჯეტის გენერალურ ფონდს და დაეხმარება 2023-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური დახმარების 29 პროგრამის დასაფინანსებლად.  

შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში

27 ნოემბერს შუა დერეფანთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტი, რომელსაც Europetime გაეცნო, 70-გვერდიანია. მსოფლიო ბანკის ანგარიშში შეფასებულია გამოწვევები და შესაძლებლობები. ძირითადი მიგნებების თანახმად, შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია. როგორც მოხსენებაში ნათქვამია, შუა დერეფნის მნიშვნელობა და სიძლიერე მდგომარეობს იმ სარგებელში, რომელიც მას შეუძლია მოიტანოს, როგორც შიდარეგიონულმა სავაჭრო დერეფანმა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გაზრდილი ვაჭრობა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და ევროპას შორის მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი და მამოძრავებელი ძალაა, რაც „გულისხმობს რეგიონის შიდა ვაჭრობის 37%-იან ზრდას და ხსენებულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის 28%-იან ზრდას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სწორი ინვესტიციებითა და პოლიტიკით, შუა დერეფანმა შეიძლება, ხელი შეუწყოს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგებას, ხოლო მარშრუტის გასწვრივ მგზავრობის დროის განახევრებას 2030 წლისთვის. ანგარიში სახელწოდებით - „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“, ფოკუსირებულია ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე. დოკუმენტში ის პრიორიტეტული ღონისძიებები განსაზღვრული, რომლებსაც მულტიმოდალური სარკინიგზო და საზღვაო დერეფნის სიცოცხლისუნარიან და სანდო სავაჭრო გზად გარდაქმნა შეუძლია. „აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს საკუთარი ხედვების შეთანხმებასა და დერეფნის წინსვლაში. მსოფლიო ბანკი სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან და ქვეყნების მთავრობებთან ერთად მზადაა შუა დერეფნის მხარდასაჭერად,“ აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ. ის ხაზს უსვამს, რომ ახალი მონაცემები ადასტურებს -  შუა დერეფანი არამარტო სიცოცხლისუნარიანია, არამედ, შესაძლებელია არსებითი მნიშვნელობის მატარებელიც კი გახდეს მის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკისთვის.“ ანგარიში განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ტრანსპორტზე არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, რაც გულისხმობს შემდეგს: დერეფანში ლოგისტიკური გადაწყვეტა ოპერაციების შეუფერხებელი წარმოებისთვის; პროცესებისა და პროცედურების რეფორმირება და გამარტივება, განსაკუთრებით საზღვრის კვეთისას მულტიმოდალური დერეფნების ტრაფიკის, მონაცემებისა და მახასიათებლების შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველსაყოფად; ერთიან, თავსებად სისტემას შეუძლია დერეფანში პროცესებისა და ღონისძიებების ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობა; ეფექტიანობის ამაღლებას კასპიისა და შავი ზღვის გადაკვეთისას საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, პრობლემების აღმოფხვრასა და პორტის პროდუქტიულობის ზრდაზე ფოკუსირებასთან ერთად; ინვესტიციების პრიორიტეტულობის განსაზღვრის ერთიან სისტემაზე შეთანხმება. ანგარიში განსაზღვრავს საინვესტიციო შესაძლებლობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც შემდგომ შეფასებას და პრიორიტეტულობის განსაზღვრას საჭიროებს. დოკუმენტში ვკითხულობთ: საქართველოს ორი პორტი აქვს შავ ზღვაზე, რომლებიც კომერციულ ტვირთნაკადებს უზრუნველყოფს, კერძოდ ფოთსა და ბათუმში, ქვეყანა ასევე ფლობს ორ საზღვაო ნავთობტერმინალს - სუფსა და ყულევი. ფოთი AP Moller Terminals-ს ეკუთვნის (APMT), ხოლო „ბათუმის პორტს“ „ყაზტრანსოილი“ მართავს.  „ამრიგად, საქართველოს სახელმწიფოს როლი შემოიფარგლება პოლიტიკის შემქმნელისა და მარეგულირებლის როლით, რომელიც მოიცავს გემების მოძრაობას მართვას, საზღვაო უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. „საქართველოს პორტებში კონტეინერების ყოფნის დრო შედარებით მაღალია, ძირითადად, საგზაო/სარკინიგზო გადაზიდვების დაბალი ხარისხის გამო. საქართველოს პორტებში ტვირთების დაბინავების დროის ანალიზი მსოფლიო ბანკის ბოლო მოხსენებისთვის გამოყენებული მონაცემების საფუძველზე გაკეთდა,“ ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჭიროა საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფების შემცირება ( ამჟამად უმაღლესი ტარიფებია საქართველოში, მთელი შავი ზღვის მასშტაბით). რეკომენდაციების ნაწილში ასევე მოცემულია, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი პორტის სერვისებზე წვდომა ყველასთვის ბაზრის მოთამაშისათვის. ასევე უნდა შემცირდეს პორტში ტვირთის გაჩერების დრო. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადაზიდვების საბოლოო საფასურის გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა. ამასთან, საჭიროა ტვირთის გადაადგილებაზე თვალყურის მიდევნება. ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის სისტემაზე გადასვლა. დოკუმენტში ტვირთების კონსოლიდაციის რეკომენდაციაზეც არის საუბარი. ყაზახური მხარის ვარაუდით, რომელმაც აღნიშნული ანგარიში მსოფლიო ბანკთან უკვე განიხილა, ანგარიშის პრიორიტეტული მიმართულებები შესაძლებელს გახდის ძირითადი ნაკადების დივერსიფიკაციას და მეტი პოტენციალის შექმნას საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის. ამასთან, ყახაზეთი მიიჩნევს, რომ TITR არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მარშრუტი არსებული ლოგისტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: სწორად მიმართული ინვესტიციებითა და რეფორმების პოლიტიკით, შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება და დროის განახევრება შეუძლია

მსოფლიო ბანკი მზადაა, მხარი დაუჭიროს შუა დერეფნის განვითარებას. მსოფლიო ბანკმა ანალიზის ჩატარებით უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა განაცხადა, რომ გამოქვეყნებული ანგარიში ყურადღებას ამახვილებდა აზერბაიჯანზე, ყაზახეთსა და საქართველოზე, როგორც შუა დერეფნის მთავარ აქტორებზე. „ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ 2030 წლისთვის, სწორად მიმართული ინვესტიციებითა და რეფორმების პოლიტიკით, შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგების და ტრანსპორტირების დროის განახევრების პოტენციალი აქვს. წარსულში შუა დერეფანი არც ისე საინტერესო იყო ერთი დიდი ქვეყნის ჩრდილოეთით უწყვეტი მარშრუტის გამო. თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ის უფრო საინტერესო გახდა, მაგრამ სამუშაო უნდა ჩატარდეს ინვესტიციებისა და რეფორმების მიმართულებით, რათა ის მართლაც სიცოცხლისუნარიანი გახდეს,“ - განაცხადა პრაისმა. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს

მსოფლიო ბანკი უკრაინას გრანტებისა და სესხების კომბინაციის საფუძველზე, დამატებით, 1,34 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაფინანსება უკრაინაში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გამძლეობის საჯარო ხარჯების პროგრამის (PEACE) ნაწილია, რომელიც შექმნილია ქვეყნის სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების მხარდასაჭერად. 14 დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკმა სხვა მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინაში 39 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსების უზრუნველყოფას შეუწყო ხელი.  

IFC და მსოფლიო ბანკი: განახლებადი ენერგია, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის საკვანძო სექტორებია

ახალმა კვლევამ საქართველოში კერძო სექტორის ზრდის მეშვეობით ეკონომიკის განვითარებისთვის მთავარი სექტორები გამოავლინა; ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა საქართველოს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებაში დაეხმარება; ელექტრონული კომერცია და ფინტექი (Fintech) ყველაზე პერსპექტიული ქვესექტორებია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიის უდიდესი პოტენციალის გამოყენება, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და ციფრული ბიზნესების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს საქართველოს პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ეს კვლევა საქართველოს კერძო სექტორის პირველი დიაგნოსტიკური კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს შესაძლებლობები და სირთულეები კერძო სექტორის ზრდის დასაჩქარებლად. კვლევის ავტორების თქმით, დადებითი ტენდენციების მიუხედავად, სახეზეა რიგი სტრუქტურული გამოწვევები, მათ შორისაა, პროდუქტიულობის ზრდასთან  და მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. მართალია, ქვეყანაში ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოა შექმნილი, მაგრამ ციფრული სერვისების შედარებით დაბალი განვითარება ბიზნესში ინოვაციური მიდგომების ფართო დანერგვას აფერხებს. კვლევა განსაზღვრავს იმ ძირითად დარგებს, რომლებსაც კერძო სექტორის განვითარების დაჩქარების პოტენციალი აქვს. კვლევაში ასევე თავმოყრილია  აღნიშნული პოტენციალის ასათვისებლად საჭირო რეკომენდაციები. „საქართველოს ეკონომიკამ თავისი მდგრადობა პანდემიის დროს დაამტკიცა, მაგრამ ქვეყანა კიდევ უფრო მეტის მიღწევას გეგმავს. რეფორმებს ძირითად სექტორებში შეუძლია საქართველოს ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის რეალიზაციაში, გლობალური ღირებულების ჯაჭვში მონაწილეობის ზრდაში და პროდუქტიულობის ამაღლებაში. კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა უმნიშვნელოვანესი იქნება და IFC მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყანას ამ მიმართულებით," აღნიშნა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ალფონსო გარსია მორამ.   „საქართველოს აქვს პოტენციალი, კიდევ უფრო გააფართოვოს კერძო სექტორის განვითარების პროცესი. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ამის მიღწევა შესაძლებელია კანონებისა და რეგულაციების აღსრულებისა და პროგნოზირებადობის ამაღლებით, ასევე, კავშირებისა და ლოგისტიკის, ციფრული ტრანსფორმაციისა და მწვანე ინვესტიციების, როგორც ეკონომიკური ზრდის კატალიზატორების მხარდაჭერით," განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა. კვლევის ავტორები შემდეგ მიმართულებებს გამოყოფენ: განახლებადი ენერგია: საქართველოს  განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - 18 გიგავატი, საიდანაც მხოლოდ 20 პროცენტზე ნაკლებია ათვისებული. ამ პერსპექტივის გამოსაყენებლად ქვეყანას სჭირდება მკაფიო პოლიტიკა, რეგულირებისა და ნებართვების სისტემა, და  სტიმულირების მდგრადი სქემები. ტრანსპორტი და ლოგისტიკა: საქართველო, როგორც კავკასიის და ცენტრალური აზიის კარიბჭე ისწრაფვის, რომ რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ქვეყანას, სხვა ასპექტებთან ერთად, საზღვაო პორტების სიმძლავრის გაფართოება, ინფორმაციის ნაკადებისა და მონაცემთა წვდომის გაზრდა, და სარკინიგზო ოპერაციების გაუმჯობესება სჭირდება. შუა დერეფნის გასწვრივ კავშირების გაუმჯობესება საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ციფრული ბიზნესი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მოწინავეა ზოგიერთი მიმართულებით, მაგალითად მსოფლიო ქვეყნების პირველ სამეულში შედის უკონტაქტო გადახდების სფეროში, ციფრული ბიზნესის განვითარება დაჩქარებას საჭიროებს. ელექტრონული კომერცია და ფინტექი მნიშვნელოვანი პოტენციალით გამოირჩევა. ამ სექტორის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ციფრული უნარების განვითარების დაჩქარებაა საჭირო. მაგალითად, მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს აქვს  საბაზისო უნარები პროგრამირებაში. ქვეყანას სჭირდება პროგრამირების უნარ-ჩვევების გაძლიერება, ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირება და ადრეულ ეტაპზე დაფინანსება.  

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან დამატებით, 1,3 მილიარდი დოლარი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან გრანტებისა და სესხების კომბინაციით, 1,3 მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. დაფინანსება უკრაინაში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გამძლეობის საჯარო ხარჯების პროგრამის (PEACE) ნაწილია, რომელიც შექმნილია ქვეყნის სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების მხარდასაჭერად. 14 დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკმა სხვა მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინაში 39 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსების უზრუნველყოფას შეუწყო ხელი.  

მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს. მისი თქმით, მგზავრობა დისკომფორტს არ უნდა ქმნიდეს. მაგალითად მან მოიყვანა საქართველოს საზღვარზე გაჩერება, აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით ტრანსპორტირების შემდეგ. „ეს უნდა იყოს მშვიდი მგზავრობა, მიუხედავად ტრანსპორტის საშუალებისა, თითქოს, სწრაფ გზატკეცილზე მოძრაობ,“ - განმარტა პრაისმა. „ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ 2030 წლისთვის, სწორად მიმართული ინვესტიციებითა და რეფორმების პოლიტიკით, შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგების და ტრანსპორტირების დროის განახევრების პოტენციალი აქვს. წარსულში შუა დერეფანი არც ისე საინტერესო იყო ერთი დიდი ქვეყნის ჩრდილოეთით უწყვეტი მარშრუტის გამო. თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ის უფრო საინტერესო გახდა, მაგრამ სამუშაო უნდა ჩატარდეს ინვესტიციებისა და რეფორმების მიმართულებით, რათა ის მართლაც სიცოცხლისუნარიანი გახდეს,“ - განაცხადა პრაისმა.  

2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს - მსოფლიო ბანკის ანგარიში

მსოფლიო ბანკმა ანგარიშის – „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ იანვრის გამოშვება გამოაქვეყნა. ანგარიში წელიწადში ორჯერ ქვეყნდება (იანვარში და ივნისში) და მასში წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ანგარიშის თანახმად, 2021 და 2022 წლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2023 წელს საქართველოში ზრდა შენელდა, თუმცა მტკიცედაა შენარჩუნებული 6.5 პროცენტის დონეზე. დოკუმენტის მიხედვით, ეს მონაცემი თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია, რადგან სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ ტურიზმის აღდგენასთან ერთად ფულადი გზავნილების ნაკადების შემცირება დააბალანსა. „ინფლაცია 2023 წელს მკვეთრად შემცირდა, რაც განპირობებული იყო დაბალი სასაქონლო ფასებით, განსაკუთრებით სურსათსა და საწვავზე, ასევე, ლარის გამყარებით. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება. პროგნოზის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 4.8 პროცენტამდე შემცირდება, რაც ასახავს მოსალოდნელ შენელებას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ისევე როგორც ფულადი ნაკადების შემოდინების კლებას. მონეტარული პოლიტიკა, სავარაუდოდ, გონივრულობის ფარგლებში შემსუბუქდება ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად. მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, აღნიშნულ პერსპექტივასთან დაკავშირებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია,“ – ნათქვამია ანგარიშში. რაც შეეხება გლობალურ ტენდენციებს, მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე ათწლეული გარდამტეხი უნდა ყოფილიყო განვითარების მიმართულებით, თუმცა, პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს – გლობალური მშპ-ის ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში. „ერთი მხრივ, გლობალური ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე ერთი წლის წინ: რეცესიის რისკი შემცირდა, ძირითადად, აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერის გამო. თუმცა მზარდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას მსოფლიო ეკონომიკისთვის ახალი მოკლევადიანი საფრთხეების შექმნა შეუძლია. ამასთან ერთად, საშუალოვადიანი პერსპექტივა ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის გაუარესდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელების, გლობალური ვაჭრობის შესუსტებისა და ათწლეულების განმავლობაში არსებული მკაცრი ფინანსური პირობების ფონზე. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს გლობალური ვაჭრობა პანდემიამდე არსებული ათწლეულის საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარი იქნება. ასევე, განვითარებად, განსაკუთრებით კი დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებში, სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები მოიმატებს, რამდენადაც საპროცენტო განაკვეთები, ინფლაციის კორექტირების გათვალისწინებით, მსოფლიოში ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზეა შენარჩუნებული,“ – აღნიშნულია ანგარიშში. პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა, ზედიზედ მესამე წელია, იკლებს წინა წელს არსებული 2.6%-დან 2.4%-მდე 2024 წელს, რაც თითქმის სამი მეოთხედი პროცენტული ერთეულით დაბალია 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 3.9% იქნება, რაც წინა ათწლეულის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ერთი პროცენტული ერთეულით ნაკლებია. გასული წლის არასახარბიელო მაჩვენებლების შემდეგ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 5.5%-ს მიაღწევს, რაც ადრე ნავარაუდევთან შედარებით დაბალია. 2024 წლის ბოლოსთვის ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთში და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 40 პროცენტში მოსახლეობა გაცილებით ღარიბი იქნება, ვიდრე 2019 წელს, COVID პანდემიის დაწყებამდე. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდა წელს 1.2%-მდე შენელდება, 2023 წლის 1.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით. „ძირითადი კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე 2020-იანი წლები დაკარგული შესაძლებლობების ათწლეულად იქნება მიჩნეული. მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა კვლავ სუსტი იქნება, რაც ბევრი, განსაკუთრებით უღარიბესი განვითარებადი ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში დარჩენას გამოიწვევს – ვალის დამთრგუნველი დონით და ყოველი სამი ადამიანიდან ერთისთვის სურსათთან შეზღუდული წვდომით. ეს ხელს შეუშლის ბევრ გლობალურ პრიორიტეტთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევას. აღნიშნული ანგარიში გვთავაზობს მკაფიო სამომავლო გზას: ის განსაზღვრავს გარდაქმნას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, თუ მთავრობები იმოქმედებენ ინვესტიციების დასაჩქარებლად და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს გასაძლიერებლად“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ინდერმით გილმა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის და 2030 წლისთვის განვითარების მიმართულებით სხვა ძირითადი გლობალური მიზნების მისაღწევად, განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების არსებითი ზრდა დასჭირდებათ – დაახლოებით 2.4 ტრილიონი აშშ დოლარი წელიწადში. „პოლიტიკის ყოვლისმომცველი პაკეტის გარეშე ასეთი ზრდის პერსპექტივები იმედის მომცემი არ იქნება. ინვესტიციების ზრდა ერთ სულზე განვითარებად ქვეყნებში 2023 წლიდან 2024 წლამდე მოსალოდნელია მხოლოდ 3.7%-ის ოდენობით, რაც გასული ორი ათწლეულის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია. ანგარიში გვთავაზობს პირველ გლობალურ ანალიზს, თუ რა იქნება საჭირო მდგრადი საინვესტიციო ბუმის შესაქმნელად 35 წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნისა და 69 განვითარებადი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე ბოლო 70 წლის განმავლობაში. ანგარიშის თანახმად, განვითარებადი ქვეყნები ხშირად იღებენ ეკონომიკურ სარგებელს, როცა ზრდიან ინვესტიციების მოცულობას ერთ სულზე, მინიმუმ, 4%-მდე და ინარჩუნებენ მას ექვსი ან მეტი წლის განმავლობაში. ამგვარად, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების შემოსავლის დონესთან დაახლოების ტემპი მატულობს, სიღარიბის დონე იკლებს გაცილებით სწრაფად და პროდუქტიულობის მაჩვენებელი ოთხჯერ იზრდება. ასეთი ბუმის დროს ხდება სხვა ტიპის სარგებლის მიღებაც: მცირდება ინფლაცია, ფისკალური და გარე პოზიციები უმჯობესდება და ადამიანების წვდომა ინტერნეტთან სწრაფად ფართოვდება. „საინვესტიციო ბუმს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გარდაქმნის პოტენციალი აქვს და შეუძლია მათი დახმარება საიმედო ენერგომომარაგებაზე გადასვლასა და განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ამოცანების მიღწევაში. ასეთი ბუმის ხელშესაწყობად განვითარებად ქვეყნებს პოლიტიკის ყოვლისმომცველი პაკეტის დანერგვა სჭირდებათ ფისკალური და მონეტარული ჩარჩოს განსამტკიცებლად, საერთაშორისო ვაჭრობის და ფინანსური ნაკადების გასაფართოებლად, საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და ინსტიტუტების ხარისხის გასაძლიერებლად. ეს რთულია, მაგრამ ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ შეძლო წარსულში ამის გაკეთება. აღნიშნული ღონისძიებების კვლავ გატარება ხელს შეუწყობს პოტენციური ზრდის პროგნოზირებული შენელების შერბილებას ათწლეულის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში,“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ და სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა, აიჰან კოსემ. გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ასევე განსაზღვრავს, თუ რა შეუძლია განვითარებადი ქვეყნების ორ მესამედს, კერძოდ, საქონლის ექსპორტიორებს, ეკონომიკური ზრდისა და ვარდნის ციკლის თავიდან ასაცილებლად. ანგარიში მიუთითებს, რომ მთავრობები აღნიშნულ ქვეყნებში ხშირად იღებენ ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც აძლიერებს ეკონომიკურ ზრდას და შემდგომ ვარდნას. „როდესაც სასაქონლო ფასების მატება განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას ერთი პროცენტული ერთეულით, მთავრობა, მაგალითად, ზრდის ხარჯებს ისე, რომ ეკონომიკური ზრდა დამატებით 0.2 პროცენტული ერთეულით იმატებს. ზოგადად, ხელსაყრელ პერიოდში ფისკალური პოლიტიკა ახდენს ეკონომიკის „გადახურებას“, ხოლო არახელსაყრელ პერიოდში აღრმავებს ვარდნას. ეს „პროციკლურობა“ 30 პროცენტით უფრო ძლიერია სასაქონლო ექსპორტის განმახორციელებელ განვითარებად ქვეყნებში, ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში. ფისკალური პოლიტიკა ასევე 40 პროცენტით უფრო ცვალებადია აღნიშნულ ქვეყნებში, ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში. მაღალ პროციკლურობასთან და ფისკალური პოლიტიკის ცვალებადობასთან დაკავშირებული არასტაბილურობა ქრონიკულად აფერხებს იმ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს, რომლებიც საქონლის ექსპორტს აწარმოებენ. ეს შეფერხება შეიძლება, შემცირდეს ფისკალური ჩარჩოს შექმნით, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ხარჯვის დისციპლინას მოქნილი სავალუტო რეჟიმების დანერგვით და საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესების თავიდან აცილებით. საშუალოდ, ასეთი დარგობრივი პოლიტიკის ღონისძიებებს შეუძლია, საქონლის ექსპორტიორების დახმარება განვითარებად ქვეყნებში მშპ-ის ზრდის თვალსაზრისით ერთ სულზე ყოველ ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთი პროცენტული ერთეულით. ქვეყნებს ასევე შეუძლიათ სარგებლის მიღება კეთილდღეობის სუვერენული და სხვა სარეზერვო ფონდების შექმნით, რომლებიც შეიძლება, დროულად იქნას გამოყენებული საგანგებო სიტუაციებში,“ – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.  

საქართველო შუა დერეფნის შესახებ რეგიონულ ღონისძიებას უმასპინძლებს

27 თებერვალს, თბილისში, რეგიონული ღონისძიება ჩატარდება, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევას ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო საწარმოები, კერძო სექტორი და ანალიტიკური ცენტრები. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მსოფლიო ბანკის კვლევის ძირითად შედეგებს რეგიონულ ღონისძიებაზე განიხილავენ. ამ ღონისძიების მიზანია რეგიონული მიდგომის შემუშავება დერეფნის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდისა და არსებული პრობლემების დასაძლევად. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელი შუა დერეფანზე: უნდა ვიფიქროთ სერვისების გამარტივებაზე

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა, შომიკ მენდრატმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების შესახებ მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხად, რომ შუა დერეფანს აქვს პოტენციალი, შექმნას სამუშაო ადგილები ხალხისთვის კავკასიაში, ყაზახეთში. შომიკ მენდრატის თქმით, საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე არსებობს რიგი ოპერატიული საკითხები. „დღევანდელი ღონისძიება ეხება მსოფლიო ბანკის ანგარიშს შუა დერეფნის შესახებ, იმას, თუ რა იქნება საჭირო ამ დერეფნის პოტენციალის გამოსავლენად. შუა დერეფანი, რა თქმა უნდა, არსებობდა და ის ემსახურებოდა კავკასიის ქვეყნებს, დაეხმარა ყაზახეთს თავისი საქონლის დიდი ნაწილის ევროპაში ექსპორტში, ასევე ჩინეთში. ბოლო ორი წლის განმავლობაში რაც შეიცვალა, არის ის, რომ, სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზეზის გამო, ეს გახდა ადგილი, სადაც ხალხი ეძებს პოტენციურ სახმელეთო ხიდს. ამან გაზარდა როგორც ინტენსივობა, ასევე შესაძლებლობა, რაც აქვს შუა დერეფანს. ამიტომაც იყო კვლევების კურსი, EBRD-მა ჩაატარა კვლევა, ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, რომელიც მიმოიხილავს, რა იქნება საჭირო, რათა შუა დერეფანი კონკურენტუნარიანი გახდეს სახმელეთო ხიდის მოძრაობისთვის. ჩვენ რაც აღმოვაჩინეთ, არის ის, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე არსებობს რიგი ოპერატიული საკითხები. უნდა ვიფიქროთ დიგიტალიზაციაზე, საზღვრის მართვასა და სერვისების გამარტივებაზე. ამ დროისთვის შუა დერეფანი ჰგავს სხვადასხვა სიმძლავრის მილების სერიას, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან თავისუფლად არის შეერთებული. საჭიროა ერთი სერვისი, ერთი მილი, რათა გადამზიდებმა, რომლებსაც ერთი ბოლოდან მეორეში სურთ კონტეინერების გადაადგილება, იფიქრონ დერეფანზე, როგორც სიცოცხლისუნარიან ალტერნატივაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ კონტეინერების ერთი ბოლოდან მეორეზე გადატანას. ამ დერეფანს აქვს პოტენციალი, შექმნას სამუშაო ადგილები ხალხისთვის კავკასიაში, ყაზახეთში. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ დერეფნად გადაქცევაზე, ვსაუბრობთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ თქვენ გაქვთ დიდი სატრანსპორტო დერეფანი თქვენს სამეზობლოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ეს არის პოტენციალი, რაც არსებობს,“ – განაცხადა შომიკ მენდრატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ყაზახეთმა მსოფლიო ბანკს შუა დერეფნის განვითარების სტრატეგიის მომზადება შესთავაზა

ყაზახეთმა მსოფლიო ბანკს (WB) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR შუა დერეფნის) განვითარებისათვის სტრატეგიის მომზადება შესთავაზა. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა საფარ ბექტასოვმა თბილისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალური აზიის რეგიონსა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირის მნიშვნელოვანი პოტენციალის გათვალისწინებით, კავკასიის გავლით ევროპასთან მისასვლელად, აუცილებელია ქვეყნებს შორის კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება. „ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებას შუა დერეფნის ქვეყნებისთვის. დერეფანი, რომელიც გაგრძელდება, მაგალითად, 2040 წლამდე ან მის შემდეგ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო ბანკს, გამოიკვლიოს შუა დერეფნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობა, მომავალში პოტენციური ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ცვლილებების გათვალისწინებით,“ - განაცხადა ბექტასოვმა.  

საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა განაცხადა, რომ შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. როლანდ პრაისის თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში. „დღეს ჩვენ ვიწყებთ კვლევას შუა დერეფნის პოტენციალზე. მთავარი აღმოჩენა უკვე არის შესაძლებლობა, გავასამმაგოთ ვაჭრობა და გავანახევროთ მგზავრობის დრო 2021 წლის ვაჭრობისა და მგზავრობის მონაცემებთან შედარებით. შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. ამას გარკვეული დრო და ინვესტიციები დასჭირდება. რაც მთავარია, დასჭირდება თანამშრომლობა მხარეებს შორის, როგორც საჯარო, ისე კერძო პირებთან. საქართველოს როლს რაც შეეხება, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო, ყაზახეთი და აზერბაიჯანი სამი ძირითადი ქვეყანაა შუა დერეფანში. რა იქნება 2030 წელს? ჩემი შეხედულება ასეთია, რომ ჩვენ გვჭირდება საერთო ხედვა. ვსაუბრობთ კომერციაზე, კერძო სექტორზე. როგორც კი იქნება საერთო ხედვა და საერთო ვალდებულება ამ დერეფნის განვითარების შესახებ, ვფიქრობ, არაფერი იქნება შეუძლებელი. შუა დერეფანი შეიძლება, გამოვიყენოთ არამხოლოდ როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ევროპიდან აზიაში საქონლის შემოტანის მიზნით, არამედ, ის დაეხმარება რეგიონთაშორისი ვაჭრობის განვითარებას. ასე რომ, ეს ნამდვილად არის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა შუა დერეფნის რეგიონის ქვეყნებისთვის,“ – განაცხადა როლანდ პრაისმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 27 თებერვალს, თბილისში, რეგიონული ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევას ეძღვნებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო საწარმოები, კერძო სექტორი და ანალიტიკური ცენტრები.  მსოფლიო ბანკის კვლევის ძირითად შედეგებს რეგიონულ ღონისძიებაზე განიხილავენ. ამ ღონისძიების მიზანია რეგიონული მიდგომის შემუშავება დერეფნის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდისა და არსებული პრობლემების დასაძლევად. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში

შუა დერეფანში ერთიანი IT სისტემა უნდა შეიქმნას - მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი

„არ არსებობს ერთიანი IT სისტემა, რომელიც მოიცავს შუა დერეფანს (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) და ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის,“ განაცხადა ტრანსპორტის საკითხებში მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა ვიქტორ არაგონესმა თბილისში გამართულ შუა დერეფნის რეგიონულ ღონისძიებაზე.  მისი თქმით, შუა დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული საკითხები, თუმცა არის მთელი რიგი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც ინფრასტრუქტურას არ უკავშირდება. „შუა დერეფანი უფრო რთული დერეფანია, ვიდრე სხვები. საჭიროა მრავალ მხარეს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება,“ აღნიშნა ვიქტორ არაგონესმა. თავის მხრივ, ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა საფარ ბექტასოვმა აღნიშნა, რომ შუა დერეფნის პოტენციალი არის ევროპაში ტვირთების გაფართოება კავკასიის რეგიონის გავლით. ბექტასოვის თქმით, დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელია შუა დერეფნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება 2040 წლამდე და შემდგომ. ბექტასოვმა მოუწოდა მსოფლიო ბანკს, განიხილოს გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს მომავალში მოსალოდნელ ეკონომიკურ და გარემოს ცვლილებებს.  

მსოფლიო ბანკი შუა დერეფნის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გაზრდას პროგნოზირებს

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR, შუა დერეფანი) სარკინიგზო მიმოსვლის მთლიანი მოცულობა გაიზრდება, იუწყება აზერბაიჯანული მედი მსოფლიო ბანკის (WB) პროგნოზებზე დაყრდნობით. მოსალოდნელია, რომ სარკინიგზო სეგმენტის გასწვრივ ტრანსპორტის მთლიანი მოცულობა 30 პროცენტით გაიზრდება. განმარტავენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები. „TITR-ის ქვეყნებისთვის დერეფნის განვითარებას შეუძლია, გადამწყვეტი როლი შეასრულოს უწყვეტი და საიმედო ლოგისტიკური ჯაჭვების უზრუნველსაყოფად, ასევე, ექსპორტის დივერსიფიკაციისა და სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების განვითარების სტიმულირებაში,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკმა. აღსანიშნავია, რომ TITR წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. გასულ წელს რკინიგზით შუა დერეფანში 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, 2024 წელს კი, ეს მაჩვენებელი ოთხ მილიონ ტონას მიაღწევს. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

უკრაინამ მსოფლიო ბანკის მექანიზმით, იაპონიიდან და დიდი ბრიტანეთიდან $1.5 მილიარდი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების სახით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ტრანში მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყანას საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება. მსოფლიო ბანკის დახმარების ახალი პაკეტი ბრიტანეთმა და იაპონიამ დააფინანსეს. „984 მილიონი დოლარი მოდის იაპონიიდან და 516 მილიონი დოლარი გაერთიანებული სამეფოდან. თანხები დაფარავს საბიუჯეტო ხარჯებს სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის და რეკონსტრუქციისთვის,“ - დაწერა შმიგალმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

მსოფლიო ბანკის ანგარიში: სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 3.8%-დან 3.5%-მდე შემცირდება

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებადი და ფორმირებადი ქვეყნებისთვის ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ შენელდება. ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებადი და ფორმირებადი ქვეყნებისთვის ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ შენელდება, რადგან შესუსტებული გლობალური ეკონომიკა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ჩინეთის შენელება და შემცირებული სასაქონლო ფასები ტვირთად აწევს რეგიონის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. ანგარიშის პროგნოზის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს არსებული 3.8 პროცენტიდან 2024 წელს 3.5 პროცენტამდე შემცირდება, ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირში ზრდის შენელების პარალელურად. ამ ფონზე ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს სავარაუდოდ 5.2 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია. ფულადი გზავნილების შემოდინების კლების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ აქტიური ინვესტიციები და ტურიზმი გაამყარებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გაუტოლდება, ფულად - საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქებასთან ერთად.